ახალი ამბები

ევროპაში ომიკრონის ახალი ქვეშტამით გამოწვეული შემთხვევები იზრდება

23 ივნისი, 2022 • 605
ევროპაში ომიკრონის ახალი ქვეშტამით გამოწვეული შემთხვევები იზრდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ომიკრონის შტამით გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა, რაც CNN-ის თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პანდემიის ახალი, გლობალური ტალღის საშიშროებას აჩენს.

გამოცემა წერს, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტები დომინანტურად ცირკულირებს, რამაც შესაძლოა შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაზარდოს. CNN-ის თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის, პორტუგალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში.

ახალი კვლევების მიხედვით, ომიკრონის BA.4 და BA.5 ქვეშტამებს წინამორბედებზე მაღალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს, რადგანაც ისინი უკეთ აღწევენ თავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. CNN განმარტავს, რომ შესაბამისად, არც გადატანილი ინფექცია და არც ჩატარებული ვაქცინაცია ძლიერ დაცვას არ უზრუნველყოფს აღნიშნული ქვეშტამების წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, გამოცემა აღნიშნავს რომ BA.4 და BA.5 ქვეშტამები წინა ვარიანტებთან შედარებით არ იწვევს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, თუმცა სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფართო გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები კვლავ გადაიტვირთოს.

პორტუგალიაში, სადაც ომიკრონის ახალი ქვეშტამების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მილიონ მოსახლეზე ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 332-ია. საფრანგეთში კი, თვის დასაწყისთან შედარებით, მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი სამჯერაა გაზრდილი. ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი კი აპრილის შემდეგ პირველად გაიზარდა. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებები მოუწოდებენ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს, ვაქცინის ბუსტერ დოზა რაც შეიძლება მალე გაიკეთონ.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, შემთხვევების მატებას ომიკრონის ახალი ქვეშტამებით ხსნიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მესამედი სწორედ BA.4 და BA.5 ქვეშტამებზე მოდის, მომდევნო კვირებში კი აღნიშნული ვარიანტების დომინანტ შტამად ქცევას პროგნოზირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი