ახალი ამბები

კალინინგრადი — დაპირისპირების ახალი კერა დასავლეთსა და რუსეთს შორის

23 ივნისი, 2022 • 2428
კალინინგრადი — დაპირისპირების ახალი კერა დასავლეთსა და რუსეთს შორის

რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალი კერა კალინინგრადის ოლქის გარშემო ღვივდება.

მიზეზი კი ისაა, რომ ლიეტუვამ, რომელიც კალინინგრადის ოლქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთისგან მომავალი ტვირთების გატარებაზე უარი განაცხადა, რასაც მოსკოვის მუქარა მოჰყვა.

რუსეთის თანახმად, ლიეტუვის მოქმედებას „შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს“.

კრემლის მუქარის საპასუხოდ ნატოს სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ლიეტუვას მხარდაჭერა, რომელიც ასევე არის ალიანსის წევრი.

უფრო კონკრეტულად  

მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმის გამო დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, კალინინგრადის ოლქი, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, თუმცა რუსეთის სხვა ტერიტორიებს არ ესაზღვრება, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებისთვის იზოლირებული აღმოჩნდა.

ლიეტუვის განცხადებით, არ აპირებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესრულებაზე უარის თქმას, რუსეთს კი ამ შემთხვევაში კალინინგრადის მოსამარაგებლად ბალტიის ზღვა რჩება.

კრემლში შექმნილ ვითარებას უკანონოსა და მიუღებელს უწოდებენ.

„თუ უახლოეს მომავალში ტვირთების გადაზიდვა კალინინგრადსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიებს შორის ლიეტუვის გავლით არ აღდგება, რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, — წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საჭიროა ღრმა ანალიზი საპასუხო ნაბიჯისთვის.

საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი არა დიპლომატიური, თუმცა ქმედითი იქნება.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ქვეყანა არ ელის რუსეთის მიერ ომის დაწყებას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს ლიეტუვის რეგიონული ელექტროსისტემიდან გათიშვას, ამას მომზადებული შეხვდებიან.

ლიეტუვა, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსეთში გამომუშავებულ ენერგიაზე.

ლიეტუვა, გარდა ევროკავშირისა, ნატოს წევრიცაა, სადაც აცხადებენ, რომ ნატო დაიცავს საკუთარ ვალდებულებებს, მათ შორის წესდების მეხუთე პუნქტს, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის ყველა წევრის მიერ ამ თავდასხმაზე რეაგირებას გულისხმობს.

როგორ გახდა კალინინგრადი რუსეთი და რატომაა ის მნიშვნელოვანი

კალინინგრადი, წარსულში ცნობილი, როგორც კიონიგსბერგი, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღმოჩნდა, როდესაც დამარცხებული ნაცისტური გერმანიის აღმოსავლეთ ტერიტორიები საბჭოთა კავშირმა და პოლონეთმა გადაინაწილეს.

მანამდე ტერიტორია გერმანულ და პრუსიულ სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ.

საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, კალინინგრადი დანარჩენი რუსეთისგან იზოლირებული არ ყოფილა, რადგან მას აღმოსავლეთით ლიეტუვას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ესაზღვრებოდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გადაადგილება თავისუფალი იყო.

თუმცა საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ევროპის შუაგულში რუსეთისგან გამოყოფილ ტერიტორიად ჩამოყალიბდა, რამაც თანამედროვე რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

კალინინგრადის ოლქშია განთავსებული რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი, სარაკეტო, საარტილერიო, საჰაერო, სატანკო, სადესანტო და მექანიზებული ბრიგადები. კრემლს ოლქში შეუძლია შორი, საშუალო და მოკლე მანძილის დამიზნებითი ან არაზუსტი სარაკეტო სისტემების განთავსება და ბირთვული წყალქვეშა ნავების მიღება.

კალინინგრადის კონტროლით რუსეთი დამატებით აკონტროლებს ბალტიის ზღვის აკვატორიასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი