ახალი ამბები

ბრიტანეთმა რუსულ დელეგაციას ეუთოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად ვიზები არ მისცა – RIA

23 ივნისი, 2022 • 1657
ბრიტანეთმა რუსულ დელეგაციას ეუთოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად ვიზები არ მისცა – RIA

დიდმა ბრიტანეთმა ვიზები არ მისცა რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც ეუთოს საპარლამენტო სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის საელჩოში მათ განუმარტეს, რომ დელეგაციის ყველა წევრი სანქცირებულია და ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

“რუსული დელეგაციის ყველა წევრი დიდი ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარება უკრაინის დესტაბილიზაციის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში განხორციელებული როლისთვის”, — უთხრეს RIA-ს ბრიტანეთის საელჩოში.

ამასთან, ბრიტანეთის საელჩომ განმარტა, რომ სანქციების გამო დელეგაციის წევრებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაც ეკრძალებათ.

RIA-ს ინფორმაციით, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ლეგიტიმურად არ ცნობს დიდ ბრიტანეთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელზე დასასწრებადაც რუსული დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცეს. ამასთან, მოსკოვი მიზანშეწონილად მიიჩნევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე უარის თქმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი