ახალი ამბები

საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად — ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ივნისი, 2022 •
საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, თუმცა ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია პოლიტიკური თვალსაზრისით.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა, სადაც 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს შეხვედრის შესახებ იმსჯელეს.

„საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განაცხადს აქვს ძალა, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკის საბაზრო ორიენტირებას, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად ასახავს აუცილებელ რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას და იღებს სარგებელს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი დაბრუნდეს შესაფასებლად, თუ როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელ პირობებს“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და რამდენად სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე და ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა.

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით 23-24 ივლისს იმსჯელებს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი