ახალი ამბები

ამინდის პროგნოზი ავიაკატასტროფის დროისთვის

10 აპრილი, 2010 • 1331
ამინდის პროგნოზი ავიაკატასტროფის დროისთვის

სმოლენსკის აეროპორტის მეტეო სადგური შაბათს ღამე აცხადებდა შემდეგ მონაცემებს Smolensk, Russia: +3 გრადუსი, მცირე მოღუბლულობა, მცირე ბურუსი, ქარის სიჩქარე 14 მ/წმ (აღმოსავლეთის მიმართულებით), ხილვადობა – 4 კმ. მონაცემები დაფიქსირდა ამინდის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში – Weather Underground-ში.

პარასკევი დღის საღამოდან, 9 აპრილიდან მოყოლებული საერთაშორისო სატელიტური მეტეო–სისტემები თითქმის იდენტურ მონაცემებს აფიქსირებდნენ – მაღალი ტენიანობა (92%), ჰაერის ტემპერატურა 12გრადუსამდე, მცირე მოღუბლულობა, ქარის სიჩქარე 7მ/წმ-მდე (მიახლოებით 10 კმ/საათი).

ანალოგიურ მონაცემებს რუსული მეტეო–სადგურებიც გვაწვდიან: 10 აპრილს, გამთენიისას სმოლენსკის რაიონში +4 გრადუსი სითბო დაფიქსირდა, ქარის სიჩქარე არ აღემატებოდა 4მ/წმ–ს და მოღრუბლულობა მცირე იყო.

ავიაკატასტროფა სმოლენსკსთან

თვითმფრინავი ტუ-154 სმოლენსკის აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. პოლონეთის საპრეზიდენტო ეკიპაჟის 132-ვე წევრი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.

სმოლენსკის რეგიონულმა გუბერნატორმა სერგეი ანტუფიევმა რუსულ ტელევიზიებს უთხრა, რომ კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა, როცა ის ხეებში გაიხლართა, შემდეგ მიწაზე დაენარცხა და ნაწილებად დაიშალა.

“მტვრევისა და ყრუ დაცემის ხმა გავიგე. შემდეგ ცეცხლის ორი ალი ერთმანეთს მიჰყვა“, – უთხრა BBC-ს პოლონეთის ტელევიზიის თანამშრომელმა სლავომირ ვიშნიევსკიმ. კატასტროფა მის სასტუმროსთან ახლოს მოხდა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებმა იცოდნენ, რომ კატასტროფის წინაშე იდგნენ.

“პილოტს ურჩიეს (სმოლენსკის საჰაერო სივრცეში ნისლის გამო)  მინსკში დაშვებულიყო, მაგრამ სმოლენსკში გადაწყვიტა დაშვება“, – თქვა ანდრეი იევსენკოვმა, სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა.

უკვე ნაპოვნია შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდებოდა თვითმფრინავზე ბოლო წუთებში, რა სიმაღლეზე დაფრინავდა და რას საუბრობდნენ პილოტები. ყუთს ის საგამოძიებო კომისია შეისწავლის,  რომელმაც ავიაკასტროფის მიზეზები უნდა დაადგინოს. კომისიას რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. თუმცა, პოლონეთმა უკვე გადაწყვიტა ჩაერთოს გამოძიებაში.

თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი კაჩინსკი დაფრინავდა რუსული წარმოების ტუ 154-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი