ახალი ამბები

კალაძე: მე არ ვამბობ, რომ აქციაზე მყოფები ნაციონალები იყვნენ

21 ივნისი, 2022 • 786
კალაძე: მე არ ვამბობ, რომ აქციაზე მყოფები ნაციონალები იყვნენ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გუშინ, 20 ივნისს, რუსთაველზე გამართული აქცია რეალობას არ ასახავს, რადგან, მისი თქმით, ევროინტეგრაციას ქვეყანაში გაცილებით მეტი მხარდაჭერი ჰყავს:

„აქციას რაც შეეხება, ეს არ ასახავს რეალობას იმიტომ, რომ ევროპას, ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურს საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით… 2012 წლიდან მოყოლებული დიდი წინსვლა გვაქვს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით რა დათქმებიცაა, იყოს შესრულებული და ხელისუფლება ამისთვის მზადაა“, – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერს ჟურნალისტებმა მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომელშიც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უწოდებდა.

კალაძემ კითხვის საპასუხოდ დღესაც განაცხადა, რომ მანიფესტაცია ენმ-ის ორგანიზებული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ არ უგულისხმია, რომ აქციაზე მყოფი ყველა ადამიანი ენმ-ის მხარდამჭერი იყო:

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია. აქცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდული პარტიის, რომელსაც „სირცხვილია“ ჰქვია. მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები ნაციონალები იყვნენ“, – ამბობს კახა კალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი