ახალი ამბები

კალაძე 20 ივნისის აქციაზე: ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია

20 ივნისი, 2022 • 1025
კალაძე 20 ივნისის აქციაზე: ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, 20 ივნისს დაგეგმილ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტაციად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს:

„ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის აქცია. პირდაპირ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რაიმე პროპაგანდით ხალხს შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან“, – აცხადებს კახა კალაძე „იმედთან“.

აქციის, „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“. მას ასევე უერთდება კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ შემავალი არასამთავრობო, სამოქალაქო და მედიაორგანიზაცები. ასევე,  საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, კომპანიები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე ტრიბუნა არ დაეთმობათ პოლიტიკოსებს:

“ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.

გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი