ახალი ამბებიეკონომიკა

SpaceX საქართველოში Starlink-ის გაშვებისთვის ემზადება – კომუნიკაციების კომისია

21 ივნისი, 2022 • 4658
SpaceX საქართველოში Starlink-ის გაშვებისთვის ემზადება – კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს SpaceX-ის წარმომადგენელთან, სადაც განიხილეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი.

SpaceX მილიარდერი ილონ მასკის კომპანიაა.

„Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე, ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – წერს უწყება.

ამასთანავე, კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართვველოში არსებული ვითარება ტელეკომუნიკაციების ჭრილში. როგორც შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა – „SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის“.

„აღნიშნული ფაქტი, ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“,- ამბობს იმედაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი