ახალი ამბები

ოპოზიციის ამოცანა “ოცნების” იძულებაა, რომ ყველა რეკომენდაცია შეასრულონ – ელისაშვილი

21 ივნისი, 2022 • 523
ოპოზიციის ამოცანა “ოცნების” იძულებაა, რომ ყველა რეკომენდაცია შეასრულონ – ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას მიმართავს, გააკეთონ ყველაფერი და აიძულონ “ქართულ ოცნება”, ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა პუნქტი შეასრულოს. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკომისიის რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის” შესახებ და აღნიშნა, რომ “ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს” და “არა ვიღაც კაცი”. მისი თქმით, “დეოლიგარქიზაცია” უნდა შეეხოს საქართველოში მყოფ ყველა ოლიგარქს და “ერთი ან ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არ უნდა იყოს ეს სახელმწიფო არასდროს”.

“ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ქვეყანამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რაშიც ჩართული უნდა იყოს როგორც მმართველი პარტია, ასევე, ოპოზიციაც.

“ახლა გვაქვს ამოცანა და დღის წესრიგი ოპოზიციასაც, რომ ღობე-ყორეს კი არ მივედოთ, არამედ ძალიან კონკრეტული რაღაცების შესრულება მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” და მოგთხოვთ. “ქართულ ოცნებასაც” ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი აქვს და ზუსტად ეს უნდა შევასრულოთ, რომ ეს ერთი ხელის გაწვდენა შანსი ხელიდან არ გავუშვათ. არავინ გამოვეკერებით ცას, არავინ დავბადებულვართ სამარადჟამოდ და ისე ნუ გავაკეთებთ, რომ შევრცხვეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის და ჩვენი შვილების მომავლის წინაშეც…

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი გახდეს და ბოლოს და ბოლოს გამდიდრდეს ეს ქვეყანა, რადგან ევროკავშირის წევრობა არის სიმდიდრე. გვეყო ეს გაჭირვება და სიღატაკე და ის უძლურება, რაშიც ვცხოვრობთ.

ეს არის გასაკეთებელი, ფეხის თრევით გააკეთებთ თუ სწრაფად გააკეთებთ, უნდა გააკეთოთ, და ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა ახლა, ვაიძულოთ “ქართულ ოცნებას”, რომ ყველა პუნქტი შეასრულოს. თუ იძულება არ დაგჭირდებათ, მაგას რა აჯობებს”, – თქვა ელისაშვილმა.


17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

“განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით”, – წერია რეკომენდაციაში.

რა პირობებს უყენებს EU საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – სია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი