ახალი ამბები

კობახიძე აქციაზე: „ბაკურიანის გეგმის“ გაგრძელებაა

21 ივნისი, 2022 • 829
კობახიძე აქციაზე: „ბაკურიანის გეგმის“ გაგრძელებაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას და აცხადებს, რომ მანიფესტაციაზე მართლაც ბევრი ადამიანი გამოვიდა. თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ სამი მილიონი ადამიანია, რომელიც ასევე ემხრობა ევროინტეგრაციას, მაგრამ გუშინ აქციაზე არ გამოსულა.

კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ ორგანიზებული იყო, მოძრაობა „სირცხვილიას“ კი ენმ-ის ახალგაზრდულ ფრთად მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე ენმ-ის არცერთი წევრი არ გამოსულა სიტყვით. კობახიძის თქმით, აქციის ორგანიზატორების მესიჯები ე.წ. ბაკურიანის გეგმის გაგრძელებაა, რომელიც, მისი თქმით, წარუმატებლობისთვისაა განწირული:

„მეორე თემა არის გუშინდელი აქცია. ვისი ორგანიზებული იყო, აქ დაისვა კითხვა. რა თქმა უნდა, ეს იყო ნაცმოძრაობის და „სირცხვილიას“, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო, დამატებით მოგახსენებთ, ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი… ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა ის წარუმატებლობისთვისაა განწირული. ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს. მათ ჰქონდათ რატომღაც, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, არა… ეს რატომღაც წინასწარ იცოდნენ.

ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი. რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს, გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და ევროპა, მოგეხსენებათ, უნდა ბევრად მეტს, ვიდრე გუშინ იყო გამოსული.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი, ევროინტეგრაცია – პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვირების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებმა. ცინიზმი რეალურად აქედან ჩანს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, ეს აქციაზე გამომსვლელების ტექსტებშიც ჩანდა:

„გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ. მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს და ეს მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“, – ამბობს კობახიძე.


აპრილის დასაწყისში „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელმა პიტერ აკერმანმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აკერმანთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით. პიტერ აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი