ახალი ამბებისამართალი

NGO-ები იუსტიციის საბჭოს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს ჩინჩალაძის კანდიდატურას

20 ივნისი, 2022 • 3991
NGO-ები იუსტიციის საბჭოს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს ჩინჩალაძის კანდიდატურას

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობაზე და მოსამართლეებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი კლანური მმართველობის გამაძლიერებელ გადაწყვეტილებებს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურა. კანონის მიხეედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, სასამართლოს თავმჯდომარედ ნიშნავს ამავე სასამართლოს მოსამართლეს, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება 5 წლის ვადით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციებს მართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, იუსტიციის საბჭომ, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით დააკისრა კლანის არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, „სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე, იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში“.

„17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მოსაზრებაში ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. კანონმდებლობის დარღვევით, პარლამენტს ამ დრომდე არ ჰყავს დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს მიერ ამ ვითარებით სარგებლობა და კლანის არაფორმალური ლიდერისთვის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაიმართოს გამჭირვალედ, ინკლუზიურად, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  2. დემოკრატიის ინდექსი — საქართველო
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  5. სასამართლოს გუშაგი
  6. სამოქალაქო იდეა
  7. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  8. ევროპულ ქართული ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი