ახალი ამბები

ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, თვალი უნდა დახუჭო – მდინარაძე

20 ივნისი, 2022 • 1333
ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, თვალი უნდა დახუჭო – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხანდახან დგება მომენტები, როდესაც ხელისუფლება მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, თვალი უნდა დახუჭო. ამის შესახებ მან დღეს, 20 ივნისს, განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთადერთი პუნქტი, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას ეხება, მინიმუმ ნახევრად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რაც პირველი წუთებიდან ირღვევა. მდინარაძის თქმით, ეს ჩანს 20 ივნისის აქციის მოწოდებებიდანაც, რომელიც ევროკავშირის მხარდასაჭერად იმართება.

„როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა – ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?!

ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი