ახალი ამბები

„EU-ს კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია“ – შშმ პირები

18 ივნისი, 2022 • 1086
„EU-ს კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია“ – შშმ პირები

დღეს, 18 ივნისს „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში შშმ პირების ბრიფინგი გაიმართა. პრეს-კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს წარმოადგენენ განაცხადეს, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები თემისთვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დათქმულ ვადაში შეასრულოს ევროკავშირის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, რომ არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

„ევროკომისიამ საკუთარ დასკვნაში პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალში დააკონკრეტა, რომ საჭიროა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, რომელსაც სწორედ ეს ჯგუფი მიეკუთვნება. საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, თემი კვლევა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და იზოლირებულ ჯგუფად და ევროინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რაც ღირსეულ და თანასწორ გარემოს შექმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“ – აცხადებენ შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თემი მზად არის, ჩაერთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი იმედი განვიმსჭვალეთ იმ შესაძლებლობით, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამოჩნდა, ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარებით, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჯერ კიდევ ვართ ჩვენ მსხვერპლი ქველმოქმედების – მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით.

სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა – კანონის უზენაესობას, თანასწორობას.  ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი თემისთვის. ჩვენ ვცოცხლობთ იმედით სინამდვილეში. ეს პროცესი რომ დაჩქარდა, ჩვენ უფრო მეტი იმედი გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, რომ უფრო მალე მოხდებოდა და უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამ პერიოდში.

თუმცა როგორც ჩანს, ახლა დაჩქარება კი არა, შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, რადგან აღმოვჩნდებით ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც არ გვინდა. ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია და ვისთან ერთადაც ეს შესაძლებელია, ეს ევროპაა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ საკითხზე” – ამბობს გიორგი ახმეტელი.

17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, ხოლო პირობების შესრულების შემდეგ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი