ახალი ამბები

ევროკომისიამ თქვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია — დარჩიაშვილი

17 ივნისი, 2022 • 870
ევროკომისიამ თქვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია — დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ოფიციალური აღიარება.

„დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ჩატარებული რეფორმებისა და გაწეული ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს, მართალია, ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად დაადასტურა ფორმალურად, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, — აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროკომისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ევროპასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების მნიშვნელობა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის შესახებ დადებითი რეკომენდაცია მიულოცა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღებული ვალდებულებების შესასრულებლად იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი