ახალი ამბები

კობახიძე ირწმუნება, რომ EU-ს მიერ წამოყენებულ ყველა პირობას შეასრულებს

17 ივნისი, 2022 • 751
კობახიძე ირწმუნება, რომ EU-ს მიერ წამოყენებულ ყველა პირობას შეასრულებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება შეასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას.

ამის შესახებ მან დღეს, 17 ივნისს, ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმებს, უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას სხვადასხვა მიმართულებით, და ეს პირობები, რაც არის წაყებენებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პრაქტიკულად ყველა პუნქტში ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს. აქ ახალი არაფერი წერია. ზუსტად იგივე პუნქტებზეა, რაც იყო წარმოდგენილი და ისედაც შეთანხმებული ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში. ჩვენ ისედაც გვქონდა ეს ვალდებულება და, რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ევროკავშირის მიმართულებით ყველა ხელშესახები წინსვლა საქართველოს სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა და მათ შორის დაასახელა დღევანდელი გადაწყვეტილება.


ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ თანდართული პირობებით, საქართველოს კი ენიჭება ევროპული პერსპექტივა და პირობები შესასრულებლად კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

მას შემდეგ, რაც უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მიმოიხილა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა:

„საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, რაც უკრანასა და მოლდოვას. მისი აპლიკაცია ძლიერია, განსაკუთრებით ძლიერია მისი ორიენტაცია საბაზრო ეკონომიკაზე, მას ჰყავს ძლიერი კერძო სექტორი.

წარმატების მისაღწევად ქვეყანა ახლა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ჩამოაყალიბოს ცხადი გზა სტრუქტურული რეფორმირებისა და ევროკავშირისაკენ. გზა, რომელიც ცხადად ადგენს საჭირო რეფორმებს, შეიამხანაგებს სამოქალაქო საზოგადოებას, და ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.

ამიტომაც, რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა [საქართველოს] და შემდეგ განიხილოს, როგორ ასრულებს საქართველო პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“.

რა პირობებს უყენებს EU საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – სია

მასალების გადაბეჭდვის წესი