ახალი ამბები

“ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

17 ივნისი, 2022 • 1100
“ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია პარტიისთვის “უმძიმესი” იყო. ამის შესახებ კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “არ უჯერებდა” და მისი კამპანიის წარმართვაც “ძალიან მძიმე” იყო.

“ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო, მაშინაც არ გვიჯერებდა. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო რაღაცნაირად გადასაღები და იქაც კი არ მოგვყვებოდა. აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ანუ ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, და ჩვენ გვქონდა გამოცდილი პიარული გეგმა, ამაში არ მოგვყვებოდა.

მერე კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა. მაგალითად [2008 წლის] ომთან დაკავშირებით იყო განცხადება… ასეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას. მთავარი ამოცანა იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსულიყო საპრეზიდენტო ინსტიტუტის სათავეში”, – განაცხადა კობახიძემ.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის ლიდერები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული, მათ შორის, მათი მხარდამჭერი მოწოდებები მათივე ფოტოებით სხვადასხვა ქალაქში ბილბორდებზეც იყო გამოკრული. აღნიშნულ ბილბორდებზე იყო თავად კობახიძეც და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი