ახალი ამბები

ჩვენი განმარტება რაც იყო, ის გამართლდა – კობახიძე ზურაბიშვილის დაგეგმილ აქციაზე

16 ივნისი, 2022 • 1190
ჩვენი განმარტება რაც იყო, ის გამართლდა – კობახიძე ზურაბიშვილის დაგეგმილ აქციაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დღეს გამართულ აქციას და აცხადებს, რომ “ქარტული ოცნების” მოლოდინები გამართლდა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენი განმარტება რაც იყო, ის გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია. საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყვნენ პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები.

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო… რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია და კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ეს ახდა. ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ მივიღებდით”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია სრულიად აცდენილი იყო იმ რეალობას, რაც საქართველოშია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისცა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” “რამე რჩევა ამ აქციასთან დაკავშირებით”, კობახიძემ უპასუხა: “საჯაროდ გამოვედით, მანამდე არც გვქონდა საშუალება [რჩევის მიცემის]”.

მისი თქმით, პრეზიდენტს აქციის დაანონსებამდე რომ ეკითხა “ქართული ოცნებისთვის”, ისინი აუცილებლად მისცემდნენ რჩევას :ნიუანსებთან, მათ შორის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით”.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქციას ხალხი არ შეუერთდა, რადგან ეს “არავის აქცია იყო”.

“სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომელიც არც მმართველი პარტიაა, არც ოპოზიციაა, არავინ არ არის. არის ქვეყნის სიმბოლური პრეზიდენტი”, – თქვა კობახიძემ.

დღეს, 16 ივნისს, რიყეზე, ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი შეკრება გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მივიდნენ, მათ შორის იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელიც. აქციას ასევე ესწრებოდნენ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, მათ შორის “ლელოს”, “მოქალაქეების”, “რესპუბლიკური პარტიის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებიც.

სალომე ზრუბაშვილმა აქცია 14 ივნისს, ბრიფინგზე დააანონსა, მეორე დღეს, 15 ივნისს კი, კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” აღნიშნულ აქციას ემიჯნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი