ახალი ამბები

საშუალო ხელფასი ისევ გაიზარდა და 1447 ლარია – საქსტატი

16 ივნისი, 2022 • 1392
საშუალო ხელფასი ისევ გაიზარდა და 1447 ლარია – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1%-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში, კვარტალების მიხედვით.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);

⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით).

2022 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 695.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 221.9 ლარი (15.1%).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

ვრცლად ამ თემაზე:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი