ახალი ამბები

დღეს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის დაანონსებული აქცია გაიმართება

16 ივნისი, 2022 • 2469
დღეს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის დაანონსებული აქცია გაიმართება

დღეს, 16 ივნისს, პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება.

აქცია 19:00 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე ჩატარდება და, როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი დაანონსებისას განაცხადა, ის ერთ საათს გაგრძელდება. მისი თქმით, აქციის მიზანი ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ქართველი ხალხის ერთიანობის ჩვენებაა.

აქციაზე მიწვეულები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16-ში, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რომ შემოგვიერთდნენ.

ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და ყველა სხვა დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 14 ივნისს.

თუმცა, სანამ პრეზიდენტი ევროპის მხარდამჭერ აქციას დაანონსებდა, ორი კვირით ადრე მსგავსი აქცია – „შინ ევროპისკენ“- მოძრაობა „სირცხვილიამ“ 20 ივნისს დაგეგმა. პრეზიდენტმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ და 16 ივნისის აქციასთან შეერთებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

პასუხად „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე მიიღებენ და შესთავაზეს, რომ მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ცნობილია, რომ დღევანდელ აქციას „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდებიან.

რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

რომელი პარტია (არ) მივა 16 ივნისის აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი