ახალი ამბები

რუსეთზე მეტად საფრანგეთსა და გერმანიაში მოგზაურობა მოგვწონს, მაგრამ მთავარი ღირებულებებია – კობახიძე

14 ივნისი, 2022 • 1425
რუსეთზე მეტად საფრანგეთსა და გერმანიაში მოგზაურობა მოგვწონს, მაგრამ მთავარი ღირებულებებია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული კრიტიკული რეზოლუცია ევროკავშირის ღირებულებებს აცდენილია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ევროპა გეოგრაფიულადაც რუსეთზე მეტად მოგწონდეს, მაგრამ მთავარი არის ღირებულებები, რის გამოც ევროპა მოსწონთ.

„აქ საუბარია სამართლიანობაზე. ევროკავშირი არის რაღაც პრინციპების ერთობლიობა. რა თქმა უნდა, ყველას მოგვწონს საფრანგეთში და გერმანიაში მოგზაურობა რუსეთში მოგზაურობაზე მეტად და გეოგრაფიულადაც და ყველანაიარადაც შეიძლება უფრო მისაღებია, მაგრამ მთავარი, რაც არის ევროპისთვის დამახასიათებელი და რატომაც მოგვწონს – ეს არის ღირებულებები.

ამ რეზოლუციაში პირველ რიგში ჩანდა სწორედ აცდენა ამ მთავარი ღირებულებებიდან, რაც არის მათ შორის სამართლიანობა, სიმართლე, ობიექტურობა და ა.შ. არაფერი ნიშანწყალი არ ყოფილა ამ რეზოლუციაში. გვარებზეც არ არის იმდენად საუბარი, პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ სრულიად უსამართლო იყო ეს რეზოლუცია და სწორედ ამის გამო იყო აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი, როდესაც იქმნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ამის პრეცედენტი გვაქვს, რისკები უნდა გავაცნობიეროთ კომისიის და საბჭოს ნაწილშიც. თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი და დიდი იმედი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიიღება“, – განაცხადა კობახიძემ.


9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ  რეზოლუციას არ ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლებაში და აცხადებენ, რომ რეზოლუცია ფაქტობრივ უზოსტობებს შეიცავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის აპროტესტებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული კრიტიკული რეზოლუციას, რადგან მისი შინაარსი შეურაცხმყოფელია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ევრკომისია და ევროპული საბჭო ევროპარლამენტის კრიტიკას გაიმეორებენ, ამაზე მძიმე რეაქცია ექნებათ.

ხოლო „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. სამი ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელის ევროკომისიის შეფასებას  განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

მასალების გადაბეჭდვის წესი