ახალი ამბები

საქართველო არ არის მზად EU-სთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის – ბილდტი

14 ივნისი, 2022 • 950
საქართველო არ არის მზად EU-სთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის – ბილდტი

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი აცხადებს, რომ საქართველო მზად არ არის ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის.

„რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიიცსადმი მოპყრობა კი- სავალალო. დღეს ეს არალიბერალური რეჟიმია“, – წერს ბილდტი ტვიტერზე.

სწორედ კარლ ბილდტია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთ-ერთი ინიციატორი. ეს არის ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი მის აღმოსავლეთ მეზობელ 6 ქვეყნასთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და უკრაინასთან-  რომლის დეკლარირებული მიზანია პოლიტიკური კავშირისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, თუმცა ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩო.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 28 თებერვალს უკრაინამ  ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, 17 ივნისს გამოქვეყნებდა. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი