ახალი ამბები

თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ – ღუდუშაური

14 ივნისი, 2022 •
თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ – ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლა თვითმიზანი არ არის. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში 13 ივნისს განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში ტყუილები წერია და ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახიც არ უნდა.

„რატომ გვინდა ევროპა, რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სიმართლე და სამართლიანობა, მაგრამ სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება. თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანს და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად – რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას. ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ის ევროპული ღირებულებები, რომელი ღირებულებებითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა იმ რეზოლუციაში სამარცხვინოდ ჩაწერილ სააკაშვილზე, რომ დიახ, ეს არის დანაშაულის ვერტიკალში მყოფი“, – თქვა მან.

9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ  რეზოლუციას არ ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლებაში და აცხადებენ, რომ რეზოლუცია ფაქტობრივ უზოსტობებს შეიცავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის აპროტესტებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული კრიტიკული რეზოლუციას, რადგან მისი შინაარსი შეურაცხმყოფელია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ევრკომისია და ევროპული საბჭო ევროპარლამენტის კრიტიკას გაიმეორებენ, ამაზე მძიმე რეაქცია ექნებათ.

ხოლო „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. სამი ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელის ევროკომისიის შეფასებას  განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

მასალების გადაბეჭდვის წესი