ახალი ამბები

NGO-ები: შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 5 ივლისის უკან სუსი იდგეს

14 ივნისი, 2022 • 1019
NGO-ები: შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ შესაძლოა,  5 ივლისის უკან სუსი იდგეს

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან 12 ივნისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც აღწერს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას.

მათი თქმით, ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან შესაძლოა იდგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულია, სავარაუდოდ, სუს-ის კონკრეტული თანამშრომლების საიდუმლო შიდა მიმოწერა, რომელიც ასახავს 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით უწყების თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზაციასა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილებას.

როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მიმოწერით დასტურდება, რომ სუს-ის მაღალჩინოსნის მითითებებით თანამშრომლებს ზუსტ დროსა და კონკრეტულ ადგილებზე (მათ შორის ვაკის პარკი, მზიური და მარჯანიშვილის მოედანი) ხალხის მიყვანა და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მათი განლაგება ევალებოდათ. ორგანიზაციების შეფასებით, მიმოწერის ტექსტებში იკვეთებოდა უწყების თანამშრომლების ჰომოფობიური დამოკიდებულებები და კმაყოფილება მომხდარ ძალადობაზე.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებზე განხორციელებული სხვადასხვა ინტენსივობის თავდასხმების ორგანიზებული ხასიათი აშკარად ჩანდა 5 ივლისს მედიით გავრცელებულ კადრებში.

„ძალადობის ორგანიზატორები ღიად მიუთითებდნენ კონკრეტულ ლოკაციებს (მათ შორის ,,სირცხვილიასა” და ,,თბილისი პრაიდის” ოფისებში შეჭრა), რომელთა დარბევისკენაც მოუწოდებდნენ კონტრაქციის მონაწილეებს.

ასევე, მოძალადე ჯგუფის წევრები წინასწარ მობილიზებას ახდენდნენ იმ ადგილებზეც, სადაც სამიზნე აქტივისტებმა უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გადაინაცვლეს. უფრო მეტიც, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე მყოფმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა არათუ ძალადობრივი ქმედებების ავტორები არ დააკავეს, არამედ კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შეუშვეს იმ შენობის სადარბაზოში, სადაც მდებარეობს „სირცხვილიას“ ოფისი, იმ მიზნით, რომ კონტრაქციის მონაწილეები დარწმუნებულიყვნენ, რომ სადარბაზოში და ოფისში აღარავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით,  2021 წლის 5 ივლისს ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმას, რომ 5 ივლისის მოვლენებიდან დღემდე, თითქმის 1 წლის თავზეც კი, საგამოძიებო ორგანოების მიერ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის გამოკვეთილი. მათი თქმით, ძალადობის ორგანიზებაში მონაწილე სავარაუდო პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით გამოძიების პასიურობა და ამ ნაწილში დაზარალებულებისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმა აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური ნების არარსებობის შესახებ.

„ცხადია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი მასობრივი ძალადობის შეწყნარება, დემონსტრაციულად არაეფექტიანი პრევენცია და გამოძიება, კიდევ უფრო ნათელი და ახსნადი ხდება იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესების დაგეგმვაში შესაძლოა უშუალოდ იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი თქმით, ცალკე უნდა გაესვას ხაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დემონსტრაციულ არაეფექტიანობას პრორუსული პოლიტიკური და მედიაძალების პროპაგანდასთან გამკლავებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით.

„5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების ჯაჭვი და სუს-ის საქმიანობის ინსტიტუციური ჩავარდნები, მთლიანობაში უსაფრთხოების სისტემის მედეგობას ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესს გამოცდილებას ქმნის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

არასამთარობო ორგანიზაციების თქმით, კანონის უზენაესობის პატივისცემისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, ასევე საბაზისო საზოგადოებრივი ნდობის შექმნისთვის უსაფრთხოების სისტემების მიმართ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, არსებითია:

საქართველოს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:

  • მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს /უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
  • დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ;
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა:

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადება საქართველო (OSGF)

განახლება:

14 ივნისს, სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტვ პირველს“ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა, სადაც ითხოვს, რომ დაასახელონ, სად ინახავენ მასალებს.


5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების წევრების მიზანმიმართული ანგარიშსწორების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე თავს დაესხნენ აქტივისტურ ორგანიზაცია „სირცხვილია“-სა და „თბილისი-პრაიდის“ ოფისებს და დააზიანეს სატელევიზიო ტექნიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი