ახალი ამბები

იგეგმება მეტრო ავლაბართან შადრევნის დემონტაჟი, მოედანი განახლდება – კალაძე

14 ივნისი, 2022 • 2209
იგეგმება მეტრო ავლაბართან შადრევნის დემონტაჟი, მოედანი განახლდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია აპირებს, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტაროს, ხოლო საგზაო ცვლილებების გამო დაგეგმილია იქვე არსებული შადრევნის დემონტაჟი.

„ვიწყებთ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, განახლებას. მოედანიც თვითონ უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსთან არსებულ „მწვანე კედელს“, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. ასევე, ავლაბრის სკვერს, სადაც მიმინოს გმირების ძეგლი დგას, და მიმინოს სკვერს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა, დაითესება ბალახი, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოხდება მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟი, იმიტომ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ცოტა განსხვავებულად ეწყობა და ძალიან ლამაზი მოედანი იქნება, როდესაც სამუშაოები დასრულდება. შემდეგი ეტაპი იქნება თვითონ მეტრო ავლაბრის სრული რეაბილიტაცია/განახლება, როგორც შიდა სადგურის, ასევე გარე ფასადის“, – აცხადებს კალაძე.

ის დასძენს, რომ რეაბილიტირებული მოედანი მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

გარეკანი ფოტო: wikimapia.org-ს არქივი

მასალების გადაბეჭდვის წესი