ახალი ამბები

ჯერ საქართველოს ეკუთვნის, შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას – ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

13 ივნისი, 2022 • 1535
ჯერ საქართველოს ეკუთვნის, შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას – ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

„თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველო ითხოვს დამსახურებელ კანდიდატის სტატუსს.

„თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ- უკრაინას და მოლდოვას. რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ და ეს ვთქვი საჯაროდ ყველგან. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებელ სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშილმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, 17 ივნისს გამოქვეყნებდა. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი