ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას კიდევ ერთი თანაშემწე საქართველოსთან კავშირში დაადანაშაულეს

13 ივნისი, 2022 • 2274
ბჟანიას კიდევ ერთი თანაშემწე საქართველოსთან კავშირში დაადანაშაულეს

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიას [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] თანაშემწე ალექსანდრ მირელი რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელია.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბჟანიას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ჟურნალისტებს მოუწოდებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

“ინფორმაცია, თითქოს, ალექსანდრ მირელი რუსეთში ქართული დიასპორის წევრია, აღებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციის “რუსეთში საქართველოს ფედერალური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის” ვებ-გვერდიდან. ამ გვერდის მიხედვით, საქართველოს დიასპორას წარმოადგენენ ასევე გიორგი გულია და ფაზილ ისკანდერი. ვიმედოვნებთ, მათი წარმომავლობაც არ იწვევს კითხვებს. ალექსანდრ მიხაილოვიჩ მირელი ნამდვილად აფხაზეთის პრეზიდენტის განსაკუთრებულ დავალებათა თანაშემწეა. ის დაიბადა, გაიზარდა და მუშაობაც სოხუმში დაიწყო, მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად”.

აფხაზური მედიის ცნობითვე, მირელი სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულია რუსეთის ხელისუფლებისა და მოსკოვის პატრიარქის საპატიო სიგელებით.

ქართველებთან კავშირში, 2020 წელს, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სხვა თანაშემწე, ლაშა საქანიაც დაადანაშაულეს. მაშინდელი სკანდალის მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლაშა საქანია ქართველ პოლიტიკოსებს [“პატრიოტთა ალიანსის” წევრებს] შეხვდა.

სოხუმში “პატრიოტთა ალიანსის” საკითხზე ბჟანიას თანაშემწის გადადგომას მოითხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი