ახალი ამბები

ივანიშვილი რომ არა, ზურაბიშვილი ერთი რიგითი დეპუტატი იქნებოდა — კობახიძე

13 ივნისი, 2022 • 1978
ივანიშვილი რომ არა, ზურაბიშვილი ერთი რიგითი დეპუტატი იქნებოდა — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, რა უნდა პრეზიდენტს.

ასე გამოეხმაურა კობახიზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მთავრობამ უარი განუცხადა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს უნდა გადაჰყვეს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადება არარელევანტური ხდება, როდესაც ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს.

„ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში. 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ის 45 დღეც რა უნდოდა, ანუ როდის, რას, რატომ ამბობდა, ესეც მაშინ, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ მორალური თვალსაზრისითაც, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი — აბსოლუტურად გაუგონარი რამეა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგანაც უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. ჯერ ერთი, კაცი პოლიტიკიდან გასულია. მაგრამ მორალური თავლსაზრისით, როცა კანდიატურის საკითხი განიხილებოდა, ამ კანდიდატურის წაყენებაზე ინიციატივა ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს“, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა და სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი შეჩერდა იმის გამო, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული.

„ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზე შეჩერდა არჩევანი მის კანდიატურაზე. ბიძინა ივანიშვილის ინიცატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბშვილი ერთი რიგითი პარლამენტის წევრი იქნებოდა“, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტი
არასწორ ანალიზს აკეთებს და ამაზე მეტად მასთან პოლემიკაში შესვლა არ უნდა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ უარი განუცხადა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს რომელიმე პიროვნებას.

„მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველსთვის, თუ არა ევროპული მომავალი.

მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს.

არავინაა იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი