„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ერთი, რომ გვეკუთვნის, მეორე — გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ესაა რეალობა“, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, შინაარსს რომ თავი დავანებოთ, კითხვარის შევსების ხარისხითაც კი, საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე ბევრად წინ იყო.

კობახიძის თქმით, პრაქტიკულად ეს ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად, თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო გაიმეორებს იგივეს, რაც თქვა ევროპარლამენტმა, რთული სათქმელია, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას. ასე გამოეხმაურა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველომ უარი უნდა თქვას კანდიდატის სტატუსზე, თუ მას უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს.

„რაც განაცხადა ჩვენმა კოლეგა დიტო ხუნდაძემ, არის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამას წინ უსწრებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები. სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ კანდიდატობის მონიჭიება ჩვენთვის უკეთესია, იმიტომ რომ ისეთი ვალდებულებები ჩაიდება, რომ ხელისუფლებას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლაო. ძალიან გაუგებარია და ასეთ განცხადებებზე, ბუნებრივია, ჩვენს კოლეგებს აქვთ ბუნებრივი რეაქცია და ეს იყო მათ შორის დიტო ხუნდაძის რეაქცია“, — განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტის კრიტიკისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჟან მონე და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელი მამები ასეთ პარლამენტზე ნამდვილად არ ოცნებობდა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა მოითხოვა სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა, რაც გაუგებარია. სააკაშვილის გაშვება, კობახიძის აზრით, „ომის დაწყების ირიბი ფორმაა“.

„თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და ევროპულმა საბჭომ, ჩვენი მხრიდან იქნება მძიმე რეაქცია. ობიექტურად მძიმედ მისაღები იქნება, ამის მეათედი რომ თქვან აღმასრულებელმა სტრუქტურებმა… ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ როგორც კი ეს ომი დასრულდება, ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს მათ შორის იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით“, — დასძინა კობახიძემ.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. სამი ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელის ევროკომისიის შეფასებას  განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.