ახალი ამბები

17 ივნისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა

12 ივნისი, 2022 • 836
17 ივნისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა

14-დან 19 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზები, ასევე, შეერთებული შტატების მზადყოფნას დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერით მთელ რეგიონში.

დონფრიდი თბილისში 17 ივნისს, ბაქოდან ჩამოვა. ის სიტყვით გამოვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ასევე, შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, „რათა განიხილონ კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს იმას, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატებს გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის მშენებლობის შემდგომი მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი