ახალი ამბები

თბილისში ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა

11 ივნისი, 2022 • 959
თბილისში ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების წევრს, ტოდორ ნედელევს, რომელიც თბილისში ავარიისას დაშავდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესმდივანის, ვიქტორ იგნატოვის განცხადებით, დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.

მისივე ცნობით, ფეხბურთელს დაზიანებები თავის არეში აქვს, რადგან მას თავში მინის ნატეხი მოხვდა.

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოსვლიდან მალევე ავტოავარიაში მოყვა. აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე პირველი ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მეორე, უკან მომავალი ავტობუსი დაეჯახა.

რაც შეეხება “ერთა ლიგის” ფარგლებში საქართველოსა ბულგარეთის ნაკრებებს შორის ხვალ, 12 ივნისს, დაგეგმილ შეხვედრას, ბულგარეთის მედიის თანახმად, ამ ეტაპზე მატჩი არ გადადებულა, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც.

ნეტგაზეთი ცდილობს მატჩის გამართვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გადაამოწმოს და მათი პასუხი მიღებისთანავე გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი