ახალი ამბები

არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია – ვოლსკი ხუნდაძეზე

10 ივნისი, 2022 • 1217
არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია – ვოლსკი ხუნდაძეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია არაა.

საუბარია ხუნდაძის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

„არავითარი ვნებათაღელვა ამ განცხადებამ არ გამოიწვია.  საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება, რომ უსამართლოა რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები.  მე ვფიქრობ, ხუნდაძემ ამაზე გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს არ არის პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია.

ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ,  ეს გადაწყვეტილება დღეს მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, ანუ საქართველოს ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა და წევრობის კანდიდატი გახდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.


“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ უარი უნდა თქვას სტატუსზე. ხუნდაძის ამ განცხადებას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელის თქმით, “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

ხუნდაძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუციის მიღება.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას გუშინ, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.

თუ EU სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ – ხუნდაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი