ახალი ამბები

სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს – ჯანდაცვა

10 ივნისი, 2022 • 1198
სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის [სკა] მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატებს სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. ამის შესახებ სამინისტრომ განცხადება დღეს, 10 ივნისს, გაავრცელა.

“ბენეფიციარების უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო მიუწვდომელი იყო. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა”, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სკა-ს სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონი 7 485 აშშ დოლარი ღირს, რაც პაციენტსთვის 12 დღის დოზას წარმოადგენს.

სპინალურ-კუნთოვანი ატროფია მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს იწვევს. დაავადება ძირითადად ბავშვებსა და ჩვილებში ვლინდება.

საქართველოში სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მოთხოვნით პეტიცია 2020 წელს შეიქმნა. მას 10 455-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი