ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრს პარლამენტში ჰკითხეს, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე

9 ივნისი, 2022 • 1058
თავდაცვის მინისტრს პარლამენტში ჰკითხეს, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სათანადო პატივით დაკრძალვისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.

ამის შესახებ მან დღეს, 9 ივნისს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა. თაცდაცვის მინისტრს დეპუტატებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და მგონია, რომ ეს არ არის ცოტა – ავიღეთ ჩვენს თავზე ის, რომ მათ პატივს მივაგებთ. რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს ხვდება ჩვენი წარმომადგენელი, ძირითადად გვარდიიდან.  ჩვენ ამ საკითხს არა მარტო ჩვენთან, არამედ პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი მადლობას გვიხდიან ამისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 15 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ მათ ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავენ, რასაც ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლები სათანადო პატივით ძმათა სასაფლაოზე უნდა დაიკრძალონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი