ახალი ამბები

დეპუტატი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შვილის სასარგებლოდ ნეპოტიზმში ადანაშაულებს

9 ივნისი, 2022 • 1626
დეპუტატი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შვილის სასარგებლოდ ნეპოტიზმში ადანაშაულებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილისთვის შტატი დაამატეს აშშ-ში საქართველოს საელჩოს თავდაცვის წარმომადგენლობაში. ამის შესახებ მან  დღეს, 9 ივნისს, პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

საუბარია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შვილზე, რომელიც აქუბარდიას თქმით, დედის დამსახურებით აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამხედრო კოლეჯშიც მოხვდა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ორიოდე თვის წინ მინისტრის ბრძანებით აშშ-ში თავდაცვის წარმომადგენლობას, რომელიც სამი კაცით არის დაკომპლექტებული, დაემატა კიდევ ერთი შტატი, სადაც თქვენი ერთ-ერთი მოადგილის შვილი დაასაქმეთ. მეტიც, ამ ახალგაზრდამ, რომელიც მანამდე სუს-ში მუშაობდა, მისი მშობლის „დამსახურებით“ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლაც დაამთავრა, სადაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო. როცა ვამბობ დამსახურებით, განვმარტავ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი თავდაცვის ძალებს განათლებული კადრებით გაძლიერებაში ეხმარება, სწორედ ამ მოადგილის წყალობით იმ კონკრეტულ წელს ეს ვერ შეძლო [თავდაცვის უწყებამ], რადგან ამ კურსის გამოყენების შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტრომ გადასცა სუს-ს მისი შვილისთვის.

წარმოიდგინეთ, ჩვენი ოფიცრების იმედგაცრუება, როცა ეს ფაქტი გახმაურდა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა ერთ-ერთ მათგანს დამსახურებულად მიეღო, ნეპოტიზმით მიიღო მინისტრის მოადგილის შვილმა სუს-იდან და ამ კოლეჯში სამაგისტრო კურსის თანხა – 200 ათასზე მეტი დააკლდა ჩვენი  თავდაცვის ძალებს.

ეს არ იკმარა თქვენმა მოადგილემ, რომ შვილის უზრუნველი ცხოვრებისთვის ის სუს-იდან ჯერ თავდაცვის უწყებაში გადმოიყვანა და შემდეგ შტატის დამატებით ამერიკაში თავდაცვის დამატებით წარმომადგენლად გაუშვა. ამ დამატებითი შტატის მომსახურება ნახევარ მილიონამდე დაუჯდება თავდაცვის ბიუჯეტს. მაინტერესებს, დაადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს, ხედავთ თუ არა ნეპოტიზმის ნიშნებს და იცით თუ არა, რომ ჯარში სუს-იდან გადმოყვანილ კადრს დადებითად არ უყურებენ და რამდენად სამართლიანობის განცდას ბადებს ეს ჯარში“, – ჰკითხა აქუბარდიამ მინისტრს.

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მის მოადგილეს კანონი არ დაურღვევია და იმის, გამო, რომ მისი შვილი მისსავე უწყებაში დასაქმებულია, არ უნდა დაიჩაგროს.

„იმით, რომ ჩვენი პირველი მოადგილის შვილი ჩვენთან მუშაობს, ამით კანონი არ ირღვევა. ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი და მისი დედა არ არის მისი კურატორი უწყებაში. მისი პირდაპირი გამოცდილება და კომპეტენციაა იმ მიმართულებით მუშაობა, სადაც მუშაობს. სუს-იდან გადმოვიდა დაზვერვაში და აქ იდგა საკითხი ასე – ხომ არ უნდა დაიჩაგროს მოქალაქე იმის გამო, რომ მისი დედა არის უწყების მინისტრის მოადგილე და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი