ახალი ამბები

ოპტიმალური გამოსავალი კანდიდატის სტატუსი მკაცრი პირობებით იქნებოდა – უსუფაშვილი

9 ივნისი, 2022 • 548
ოპტიმალური გამოსავალი კანდიდატის სტატუსი მკაცრი პირობებით იქნებოდა – უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული კრიტიკული დებატების შემდეგ ამბობს, რომ ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ძალიან მკაცრი პირობებით მიცემა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არასწორი მთავრობის გამო არ უნდა დაზარალდეს.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ დროში მთავრობა შარლ მიშელის შეთანხმებას უნდა დაუბრუნდეს, რათა ევროკავშირში დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ.

“ახლა რას გვეტყვიან “ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდა, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? – ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გუშინ, 8 ივნისს, საქართველოში მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობასთან დაკავშირებით კრიტიკული დებატები გაიმართა. დღეს კი ევროპარლამენტი საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით კრიტიკულ რეზოლუციას უყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი