ახალი ამბები

ოპოზიციის პასუხი მერაბიშვილის ინტერვიუს

8 აპრილი, 2010 • • 1289
ოპოზიციის პასუხი მერაბიშვილის ინტერვიუს

ვანო მერაბიშვილის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, რუსულ გაზეთ “კომერსანტთან”, დღეს ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურება მოჰყვა.

პარლამენტარ გია ცაგარეიშვილს აინტერესებს, თუ რა მტკიცებულებები გააჩნია მერაბიშვილს ბაგრატიონთა ქორწინების, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების პროექტის შესახებ, და ასევე თუ ვისი დავალებით აწარმოებდა გივი თარგამაძე სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.

ბაგრატიონებთან დაკავშირებით, მერაბიშვილის ინტერვიუში ვკითულობთ:

„ჯერ იყო გიორგაძე, შემდეგ ებრალიძე, შემდეგ ნოღაიდელი,ახლა ბურჯანაძე. მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებლად პრიმაკოვი გამოაცხადეს. და მალევე ამის შმედეგ გაჩნდა პროექტი საქართველოს მეფის შესახებ, ბაგრატიონთა გვარიდან ერთი შტოს წარმომადგენელი სასწრაფოდ დააქორწინეს მეორეზე, ამისთვის ქალისთვის ქმართან გაშორებაც დასჭირდათ. მერე რა, პროექტი ქორწინებასთან ერთად ჩავარდა.შეხედეთ ამ ადამიანების რეიტინგს საქართველოში და ყველაფერი ნათელი გახდება.“

ცაგარეიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოხდეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას ამ თემასთან დაკავშირებით, ითხოვს ჯონდი ბაღათურია, პარლამენტარი.

„მერაბიშილმა თავად უნდა განმარტოს ინტერვიუს და არა მისმა უწყებამ“,–ამბობს ბაღათურია.

ქრისტიან–დემორატიული მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე კი ამბობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება ინტერვიუს გამო აღშფოთება გამოხატოს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შეურაცხყოფაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, მერაბიშვილმა ქართულ ეკლესიას მიაყენა.

„მერაბიშვილმა, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლობას და უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს.“

რუსულ გაზეთში გამოქვეყნებულ მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, გუშინვე გაკეთდა განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

განცხადების მიხედვით ინტერვიუ“ ძირითადად სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილები, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას, კონტექსტიდან არის ამოგდებული.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი