პარტია “საქართველოსთვის” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ მთავრობამ ერთჯერადად დაფაროს სტუდენტების სწავლის საფასური და დროულად დაიწყოს მათთვის სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემის მოგვარება. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიწერილ წერილში საუბრობენ, რომელსაც პარლამენტის ექვსი დეპუტატი აწერს ხელს.
წერილში პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის მაჩვენებლებით, 15-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. ამასთან, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებითადაა გაზრდილი ფასები ყველა სამომხმარებლო პროდუქციასა და მომსახურებაზე.
“სურსათზე ფასები გაზრდილია 22%-ით. კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ფასები გაზრდილია 16%-ით. ტრანსპორტის ფასები გაზრდილია 20%-ით
გარდა ამისა, რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მიგრაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე გაზრდილი მოთხოვნის გამო, უძრავი ქონების ქირავნობის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 83%-ით. შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ ტვირთად აწევთ ახალგაზრდებს და კიდევ უფრო მძიმედ აწევთ სტუდენტებს”, – ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ:
- ერთჯერადი ღონისძიების სახით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით, მით უფრო – მსგავსი გადაწყვეტილების პრეცედენტი უახლოეს წარსულში უკვე არსებობს.
- საქართველოს მთავრობამ დროულად დაიწყოს მუშაობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღირსეული პირობების სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარების მიზნით.