ახალი ამბები

ვაშაძე ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს დეპუტატის მანდატი – ჩიქოვანი

8 ივნისი, 2022 • 955
ვაშაძე ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს დეპუტატის მანდატი – ჩიქოვანი

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნების“ დეპუტატები მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ.

ჩიქოვანის თქმით, ვაშაძე ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც მათ დეპუტატის მანდატი არ აძლევს.

„აქ ერთი ბატონი გუშინ გამოვიდა, რაღაც ფრაზები ისროლა, მერე დღეს, ვიდრე დარბაზში შემოვა, ბრიფინგს ატარებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩემთან გასწორებას აპირებსო. არავინ არ აპირებს თქვენთან გასწორებას, ბატონო გიორგი, მაგრამ ის, რასაც აკეთებს და როგორც იქცევა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს პარლამენტარის მანდატი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ. ამის შესახებ მან დღეს, 8 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია აქვს, რომ მასზე თავდასხმის დავალება „ოცნების“ ხელმძღვანელობამ კონკრეტულ დეპუტატებს მისცა.

გუშინ, 7 ივნისს, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ ძმები ბერძენიშვილები ეროვნული იდენტობაზე შეტევას ახორციელებენ.

„ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს — კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებლს — შვილების და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს“, – განაცხადა კობახიძემ.

პასუხად ვაშაძემ მას ფსევდოპატრიოტი უწოდა.

„ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”, ან სად საქართველოს ისტორია და სად “ქართული ოცნება”? გგონიათ, სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი