ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონი გაზრდის აფხაზეთის იზოლაციას – შაკრილი

8 ივნისი, 2022 • 2474
“უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონი გაზრდის აფხაზეთის იზოლაციას – შაკრილი

აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონს არ მიიღებს. აღნიშნული კანონის მიღებას აფხაზეთისგან რუსეთი ითხოვს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვმა 25 მაისს მოსკოვში შეხვედრის დროს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას უთხრა, რომ აფხაზეთის პარლამენტმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონმდებლობის მიღების კუთხით და ამ მხრივ გაიზიაროს რუსეთის საკანონმდებლო გამოცდილება.

“შთანთქმის პოლიტიკა” – ახალი სიგნალები აფხაზებისთვის მოსკოვიდან

“სამწუხაროდ, აფხაზეთთან მსოფლიოს ურთიერთობა საკმაოდ შეზღუდულია, რაც დიდწილად დაკავშირებულია ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამკრძალავ ნორმებთან”. აფხაზეთის საერთაშორისო თანამშრომლობის აკრძალვის პოლიტიკა აფერხებს აფხაზეთში მოდერნიზაციის პროცესს, ზღუდავს მოქალაქეების უფლებების რეალიზებას”, – განაცხადა აფხაზმა ომბუდსმენა დღეს დე ფაქტო პარლამენტში გამოსვლისას.

მეორე მხრივ კი, როგორც შაკრილი ამბობს, სახეზეა აფხაზეთის თვითიზოლაციის ზრდის ტენდენციაც.

ამასთან დაკავშირებით მან ისაუბრა ადგილობრივი დე ფაქტო პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონებზე “აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ” და “აფხაზეთის რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც, მისი თქმით, ზღუდავს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით მინიჭებულ ადამიანის უფლებებს და კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აქცევს აფხაზეთს.

გარდა ამისა, ასიდა შაკრილმა ისაუბრა “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონის შესაძლო მიღებაზე, რასაც ის ეწინაააღმდეგება.

“დემოკრატიული აფხაზეთის კანონმდებლობაში “უცხო ქვეყნის აგენტის” ცნების შემოტანის რა აუცილებლობაა? როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთის სტრატეგიულ ამოცანებს – საზოგადოების კონსოლიდაციას, მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას და, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის აღიარებას? რა პოზიტიურ ცვლილებებს ველით აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ასეთი სერიოზული შეზღუდვებით? აფხაზეთის კანონმდებლობაში “უცხო ქვეყნის აგენტების” ცნების შემოტანის მცდელობა სხვა ქვეყნების გავლენებთან ბრძოლის საბაბით, ერთი მხრივ, აფხაზეთის გარე კონტაქტების შეზღუდვის მცდელობაა, მეორე მხრივ კი, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა თავად აფხაზეთში”.

ასიდა შაკრილმა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში წარადგინა აფხაზეთში 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე 110- გვერდიანი ანგარიში.

მისი განმარტებით, დღეს აფხაზეთში უფრო მეტი ადამიანი არ ეგუება საკუთარი უფლებების დარღვევას, შესაბამისად, გაიზარდა მიმართვა შესაბამის ინსტანციებში, რაც დადებით ტენდენციად მიაჩნია.

ანგარიშში წარდგენილ პრობლემატურ და მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა: შეუსაბამო რეაგირება წამებაზე და დამამცირებელ მოპყრობა, აბორტების აბსოლუტური აკრძალვა, რომელიც გადახედვას საჭიროებს; ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღების საჭიროება, სიკვდილით დასჯის შესახებ კანონში ცვლილების დაუშვებლობა, აღმოსავლეთ აფხაზეთის მოსახლეობის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

ომბუდსმენი ასიდა შაკრილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სხვა საჯარო მოხელეებს შორის ერთადერთია, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევებზე მეტ-ნაკლებად ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნებს არაადეკვატური რეაგირების გამო აკრიტიკებს. ასევე, საუბრობს ომბუდსმენის აპარატის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროებაზეც.

ასიდა შაკრილმა 2021 წელს გალელების გაადადგილების უფლებების შეზღუდვის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც მიმართა თხოვნით, განეხილა აფხაზურ-ქართულ სახელმწიფო საზღვარზე 2020 წლის 14 მარტს დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მიზანშეწონილობა და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად იქნებოდა მიმართული. მაშინ შაკრილი აცხადებდა, რომ იმ ფონზე, როდესაც “როგორც აფხაზეთში, ასევე, საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა, გალის რაიონის მოსახლეობა კვლავ შეზღუდულია გადაადგილების უფლებაში, რაც შეუძლებელია არ იყოს აღქმული მათ მიერ, როგორც დისკრიმინაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი