ახალი ამბები

უკრაინა “ჯალათების წიგნს” გამოსცემს, სადაც ომის დანაშაულები იქნება აღწერილი – ზელენსკი

8 ივნისი, 2022 • 2192
უკრაინა “ჯალათების წიგნს” გამოსცემს, სადაც ომის დანაშაულები იქნება აღწერილი – ზელენსკი

უკრაინა “ჯალათების წიგნის” გამოცემას გეგმავს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და დამნაშავეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გუშინ, 7 ივნისს განაცხადა.

“არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველა მათგანს აუცილებლად დაეკისრება პასუხისმგებლობა. და ჩვენ ეტაპობრივად ვუახლოვდებით ამას. ასეთი საინფორმაციო სისტემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქმნებოდა. ეს არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც დამნაშავეები არიან უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ კონკრეტულ სასტიკ დანაშაულებში”, – განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, “ჯალათების წიგნი” არა მხოლოდ დანაშაულების უშუალო ჩამდენების პასუხისმგებლობას გამოკვეთს, არამედ მათი მეთაურებისაც, რომლებიც ბრძანებას გასცემდნენ.

“მათი, ვინც შესაძლებელი გახადა ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ქნეს. ბუჩაში, მარიუპოლში, ჩვენს ყველა ქალაქში, ყველა საზოგადოებაში, რომელსაც მისწვდნენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის პროკურორები აცხადებენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ 12 000 მეტი სავარაუდო ომის დანაშაული აქვთ დარეგისტრირებული, რომელშიც 600-ზე მეტი მონაწილე ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი