ახალი ამბები

პაპუაშვილმა ერთ-ერთ მიღწევად უკრაინაზე ის რეზოლუცია დაასახელა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

8 ივნისი, 2022 • 2544
პაპუაშვილმა ერთ-ერთ მიღწევად უკრაინაზე ის რეზოლუცია დაასახელა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავის ანგარიშის წარდგენისას ერთ-ერთ მიღწევად უკრაინასთან დაკავშირებით იმ სადავო რეზოლუციის მიღება დაასახელა, რომელშიც რუსეთი, როგორც აგრესორი, ნახსენები არ იყო.

საუბარია საქართველოს პარლამენტის მიერ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პირველ თებერვალს მიღებულ რეზოლუციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ითხოვდა რეზოლუციის ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, “ქართულ ოცნებამ” ეს არ გაითვალისწინა.

რეზოლუციის თანაავტორი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მისი წარდგენისას აცხადებდა, რომ “რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დადანაშაულება”.

დღეს, 8 ივნისს კი, პარლამენტში თავისი ანგარიშის წარდგენისას, შალვა პაპუაშვილმა სწორედ აღნიშნული რეზოლუცია გაიხსენა.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო.კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი