საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაიპყრეს სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი, მაგრამ ISW ვერ ადასტურებს, ზუსტად როგორია ქალაქის შიგნით რელიეფის კონტროლი. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, 7 ივნისს რუსეთის ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები რამდენიმე ადგილას აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ვერ მიაღწიეს რამე დადასტურებულ წარმატებას სახმელეთო თავდასხმებში.
ამავდროულად, რუსულმა ძალებმა დამატებით განალაგეს ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა განაახლონ შეტევა ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ავტომაგისტრალებზე წვდომის უზრუნველსაყოფად და დაემუქრონ უკრაინის საკომუნიკაციო ხაზებს. ISW-ის შეფასებით, სლოვიანსკის ჩრდილოეთით რუსული ჯარები, სავარაუდოდ, შეეცდებიან ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პოზიციებიდან წინსვლას სლოვიანსკისა და კრამატორსკისკენ.
რუსული ძალები სამხრეთ ღერძზე ზაპოროჟიის ოლქიდან ხერსონის ოლქისკენ გადაადგილდებიან, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ გააძლიერონ რუსეთის თავდაცვითი პოზიციები, რომლებსაც ემუქრება უკრაინის კონტრშეტევები მიკოლაივ-ხერსონის ოლქის საზღვრის გასწვრივ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო საზოგადოების წევრები უკრაინას ადანაშაულებენ რუსეთის ზურგში საარტილერიო თავდასხმების ესკალაციაში, რათა დასავლეთს გადაათქმევინონ უკრაინის სამხედროების შემდგომი მხარდაჭერა. მაგალითად, ФСБ-ის ყოფილმა აგენტმა იგორ გირკინმა (ასევე, ცნობილი როგორც სტრელკოვი) დაადანაშაულა უკრაინა დონეცკის, ჰორლივკასა და მაკიივკას საცხოვრებელ უბნებზე „ტერორისტული თავდასხმებში“. რუსულმა წყარომ დამატებით დაადანაშაულა უკრაინული ძალები ხერსონის ოლქის შიროკა ბალკაზე თავდასხმაში. სოციალური მედიის უკრაინელმა მომხმარებლებმა უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ ისინი, სავარაუდოდ, ცრუ დროშის ოპერაციის მცდელობაა.
ISW-ის აზრით, კრემლის ძალისხმევა, დამალოს ინფორმაცია დაღუპული სამხედრო პერსონალის და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ, ამძაფრებს შიდა დაძაბულობას და წინააღმდეგობას რუსეთში ომის მიმართ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, კრემლმა დაავალა იურისტებსა და ფსიქოლოგებს, ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ პერსონალის ოჯახები დაერწმუნებინათ, თავი შეიკავონ ნათესავების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან. უკრაინული დაზვერვის ცნობით, კრემლი ემუქრება ფინანსური კომპენსაციის გაუქმებით “მოსკვას” ეკიპაჟის წევრების ოჯახებს, თუ ისინი საჯაროდ განიხილავენ კრეისერის ჩაძირვას, რის შედეგადაც ზოგიერთმა ნათესავმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მეთაურებთან შეხვედრაზე.
რუსულმა ძალებმა 7 ივნისს ვერ დაიბრუნეს მოწინავე პოზიციები უკრაინის მიერ დაკავებულ მდინარე იჰულეცის დასავლეთ ნაპირზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა აღადგინეს სატრანზიტო კავშირი ახლად ოკუპირებულ ქალაქებსა და ყირიმს შორის. ISW-ის ცნობით, მიუხედავად მზარდი დრაკონული საოკუპაციო ზომებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობისა, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ვერ ახერხებს უკრაინელების მიმხრობას და წინააღმდეგობის ჩახშობას ოკუპირებულ ქალაქებში.







