„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართულ იდენტობას ებრძვიან.
სამნიძის თქმით, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, ხალხის წასვლა ქვეყნიდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ოკუპაცია, პოლარიზაცია – ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობდეს, ამის ნაცვლად კი მისგან ძალადობის წახალისება ისმის.
„თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე… სინამდვილეში, ერეკლე მეფის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტური პერიოდიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერც ერთმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ თქვენ. თქვენ გინდათ, რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოთ“, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ კობახიძე ახალისებს ძალადობას.
„იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობთ და ცდილობთ, საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის მთავარი დნმ თქვენს პარტიაში, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ ეს საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, საღამოს გარეთ მარტო ნუ გახვალო. ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს წაახალისებთ და მოუწოდებთ ძალადობისკენ. არავის შეგვეშინდება მარტო სიარული ამ ქვეყანაში. ამას მემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ, რომ ვერ გაივლით ამ ქალაქში მარტოო. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! — ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციას, არ შეიძლება მოუწოდოთ ადამიანს, თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ არაფრის კეთებით, ძალადობის მოწოდებით და თავდასხმებით ევროპელ პარტნიორებზე“, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერზე, დავით ბერძენიშვილზე ქუჩაში თავდასხმიდან მეორე დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართულ იდენტობას ებრძვიან.
6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.
როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმებელმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.
“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა.
პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:
„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?
ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.
თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.
მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.
რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.
თავდასხმიდან მე-2 დღეს კობახიძემ ბერძენიშვილებს „ქართული იდენტობის მტრები“ უწოდა
