ახალი ამბები

მიშელის კრიტიკის შემდეგ გაეროში რუსეთის ელჩმა უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა

7 ივნისი, 2022 • 2086
მიშელის კრიტიკის შემდეგ გაეროში რუსეთის ელჩმა უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა

მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრა გლობალური სასურსათო კრიზისის გამომწვევ მიზეზად დაასახელა, გაეროში რუსეთის ელჩმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი სურსათის მარაგს განვითარებადი სამყაროს წინააღმდეგ იარაღად იყენებს და სიღარიბეში ყოფნას აიძულებს.

რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შარლ მიშელი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მისი წამოწყებული ომის გამო, სურსათის მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინის პორტებშია გაჩერებული.

უკრაინა მსოფლიოს მასშტაბით ზეთის, მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. დიდი რაოდენობით მარცვლეულის, ასევე, სასუქის ექსპორტიორია რუსეთის ფედერაცია. ხოლო ომის ფონზე ექსპორტის შემცირებამ ფასი გაზარდა სხვა მიმწოდებლებისგან მიღებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე.

„რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს იწვევს საკვების ფასების მატებას, სიღარიბის ზრდას და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას“, – განაცხადა მიშელმა ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი განცხადებით, „სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი“.

შარლ მიშელმა დასძინა, რომ მან თავად იხილა მილიონობით ტონა მარცვლეული, რომელიც ჩარჩა უკრაინაში, ოდესის პორტში, რუსეთის მიერ განხორციელებული საზღვაო ბლოკადის გამო.

„შეგიძლიათ, დატოვოთ ოთახი, ალბათ უფრო მარტივია, სიმართლეს არ მოუსმინოთ, ძვირფასო ელჩო“, – მიმართა ვასილი ნებენზიას შარლ მიშელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი