ახალი ამბები

ზარქუას თქმით, „სისულელეა“ რესპუბლიკელებზე თავდასხმის სამთავრობო პროპაგანდასთან დაკავშირება

6 ივნისი, 2022 • 950
ზარქუას თქმით, „სისულელეა“ რესპუბლიკელებზე თავდასხმის სამთავრობო პროპაგანდასთან დაკავშირება

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდასხმის დაკავშირება სამთავრობო პროპაგანდასთან „სისულელეა“.

მისი თქმით, საზოგადოებამ განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის.

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტს, რაც მიუღებელია. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს დასაგმობია. ეს  არ შეიძლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, მათ შორის, ისეთი განცხადებებიც, რომელიც შეიძლება კატეგორიულად იყოს მიუღებელი.

მე მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის პატივისცემა არის სწორედ დემოკრატია და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, განსხვავებით რეჟიმისგან, რაც 2012 წლამდე იყო“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმას ოპოზიციის ნაწილი უკავშირებს მმართველი გუნდის მიერ „ერეკლე მეორის დასაცავად“ წარმოებულ პროპაგანდას, ზარქუა პასუხობს:

„არ ვიცი, რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ ის, რაც მოხდა, მიუღებელია და „ქართული ოცნება“ გმობს ამას“, – განაცხადა ზარქუამ.


6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმებელმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა.

პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

ხათუნა სამნიძე: მე და დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაგვესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი