თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში სტაჟირების ვაკანსიები გამოაცხადა, მათ შორის – ეროვნულ მუზეუმში. კერძოდ კი, საუბარია სიმონ ჯანაშიასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებზე.

ვაკანსიები გამოცხადდა ეროვნული მუზეუმიდან, სულ მცირე, დამატებით 65 თანამშრომლის გათავისუფლების ფონზე – მათი უმეტესობა მეცნიერია.

გამოცხადებული ვაკანსიები სტაჟიორებისთვის არის განკუთვნილი, კერძოდ – 252 ადგილი სამინისტროს ფრთის ქვეშ არსებულ 22 ორგანიზაციაში.

„სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით. სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟიორი დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.

წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში“, – წერია განცხადებაში.

ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ კონკურსის ფარგლებში სამინისტროს აპარატში ცხადდება 12 ანაზღაურებადი და 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში- ჯამურად 114 ანაზღაურებადი ვაკანსია. ანაზღაურების გარეშე კი – 116.

სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 26 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: გიდი, იურისტი, ადამიანური რესურსების მართვა, საქმისწარმოება, პროექტის კოორდინატორი/ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.

სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ცხადდება 17 ვაკანსია შემდეგი მიმართულებით: რესტავრატორი, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასისტენტი, გამოფენის კოორდინატორის ასისტენტი, ფონდებში დაცული ექსპონატების მართვა.


ეროვნულ მუზეუმში თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის მინისტრი გახდა თეა წულუკიანი. მას შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდან, ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს.