ახალი ამბები

მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება – მთავრობა

6 ივნისი, 2022 • 1216
მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს. პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა.

მთავრობის განცხადებით, აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.

მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

მოსახლეობის ბოლო აღწერა საქართველოში 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა. აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლების პერიოდი განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი