ახალი ამბები

EU-ში არსებობს სკეპტიციზმი უკრაინაზე, არ სურთ პრობლემების იმპორტირება — ღარიბაშვილი

6 ივნისი, 2022 •
EU-ში არსებობს სკეპტიციზმი უკრაინაზე, არ სურთ პრობლემების იმპორტირება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მშვიდად, მტკიცედ და წყნარად დაელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება. ისედაც და ასედაც გავაგძრელებთ ჩვენს საქმეს და მივიყვანთ რეფორმებს ბოლომდე“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს რეფორმებს და ასოცირების ახალ დღის წესრიგში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და მთელი რიგი ინიციატივებისა გადმოტანილია შარლ მიშელის შეთანხმებიდან.

„პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება. ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად. ახლა ჯერი არის ევროკავშირზე. მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას და მის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, იმიტომ, რომ, მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, ევროპაში შეტანა და მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება ომს, ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესში საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა.

„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი იქნება საქართველოში. ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაზე აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებს. მეორე მხრივ, მივყვებით დასახულ გეგმას. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არის ასოცირების შეთანხმება, რომლის 45% შესრულებული გვაქვს, და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 50%-ზე მეტი შევასრულეთ“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი