ახალი ამბებიკომენტარი

„ოცნების“ დეპუტატებმა ევროპულ მედიაში სტატია გამოაქვეყნეს და CEPS-ის შეფასება გააკრიტიკეს

2 ივნისი, 2022 • 2728
„ოცნების“ დეპუტატებმა ევროპულ მედიაში სტატია გამოაქვეყნეს და CEPS-ის შეფასება გააკრიტიკეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და მისმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა EURACTIV-ზე სტატია გამოაქვეყნეს სათაურით – „საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“.

სტატიაში სამხარაძე და ხელაშვილი აკრიტიკებენ “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის”(CEPS) ავტორების მოსაზრებას – “საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე”.

მათი თქმით, მაშინ, როცა განაცხადების დაწერის შემდეგ CEPS-მა გამოაქვეყნა ორი კვლევა უკრაინისა და მოლდოვის წევრობის შანსებზე, ლოგიკურად მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ასევე მოამზადებდნენ კვლევას საქართველოს შესახებ, როგორც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყანაზე, რომელიც მოწინავეა ასოცირების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით.

„გასაკვირია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით CEPS-მა გადაწყვიტა, შემოფარგლულიყო მხოლოდ უაღრესად იმედგაცრუებული მოსაზრებით, რომელიც სავსე იყო უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით, სადაც ორი პატივსაცემი ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს შანსები ევროკავშირში „საეჭვოა“.

საქართველოსთვის „პარადოქსის“ წოდებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ავტორებმა არჩიეს უგულებელყოთ მტკიცებულებები და დაეყრდნენ ხმებსა და ცალმხრივ პოლიტიკურ მოსაზრებებს პოლარიზებული ქართული პოლიტიკური დისკურსიდან.

ფაქტების უარყოფის გზით ავტორები განიხილავდნენ მათ მიერ მოგონილი „პარადოქსის“ ცნებას, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროპული შანსების უკან ძლიერი და თანმიმდევრული ლოგიკა მოეძებნათ“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

ისინი ხაზს უსვამენ CEPS-ის მიერ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულება შთამბეჭდავია, რითაც აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანასაც.

სამხარაძე და ხელაშვილი სვამენ კითხვას, მაშინ რა მოხდა ამჯერად და ამბობენ, რომ პრობლემას CEPS-ის სტატიის „დამაბნეველი მეთოდოლოგია“ წარმოადგენდა.

„ვინაიდან ანალიზის პირველი ნაწილი ეფუძნება მყარ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას, რომელიც მიუთითებს საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებებზე ყველა სფეროში რეფორმების კუთხით, ტექსტის დანარჩენი ნაწილი გაჯერებულია რამდენიმე ანეკდოტური (და ხშირად არაზუსტი) მითითებით ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებზე, რომლებიც მოყვანილია როგორც „არგუმენტები“ საქართველოს პროგრესის გასაბათილებლად“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

მათი თქმით, თანმიმდევრულობა და კავშირი არგუმენტებსა და ფაქტებს შორის განსხვავებულია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სწორედ ოპოზიციის არაპროვოცირებულმა ქმედებებმა, საქართველოს პარლამენტის გაუმართლებელი საბოტაჟმა და კანონის დაუმორჩილებლობამ შექმნა.

სამხარაძე და ხელაშვილი სტატიაში წერენ, რომ სწორედ ოპოზიციამ გამოუთხარა ძირი შარლ მიშელის შეთანხმებასაც, როდესაც მას ხელს არ აწერდნენ. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილმა ხელშეკრულებას თავიდანვე მოაწერა ხელი, ხოლო ენმ-მ მას შემდეგ, რაც ის “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოაცხადა.

„როდესაც მეთოდი არასწორია, როდესაც თარიღები, დაინტერესებული მხარეები, ფაქტები და მათი შედეგები ერთმანეთშია არეული, გასაკვირი არაა, რომ ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება თავად CEPS-ის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებული უფრო ზუსტი კვლევის დასკვნებისაგან“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

მათი თქმით, სტატიაში აშკარად გამოტოვებულია საქართველოს ხელისუფლების მიღწევები, მათ შორის, „ხელახლა დაბალანსებული კონსტიტუციური სისტემა, რომელიც მეტადაა მიმართული კონტროლისა და ბალანსისკენ, სიტყვისა და მედიის თავისუფლების მკვეთრად გაუმჯობესება, მუდმივად მზარდი პლურალისტური პოლიტიკური გარემო და სასამართლო სისტემის მიმართ ხალხის გაზრდილი ნდობა, რაც ოდესმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში“.

მათივე თქმით, სტატიაში ასევე არ არის ნახსენები ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

ამიტომ, დეპუტატების თქმით, დასკვნა, რომელიც CEPS-ის ავტორების ლოგიკიდან გამომდინარეობს, არის, რომ საქართველოს აშკარა მიღწევები მხოლოდ ტექნოკრატიული ხასიათისაა მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური გარემო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის.

„თუმცა, ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნების გარეშე, ქვეყანა ვერ მიაღწევდა არცერთ ხშირად ციტირებულ შთამბეჭდავ გარღვევას, იქნება ეს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სასამართლოსა თუ მმართველობაში“, – წერენ დეპუტატები.

როგორც სამხარაძე და ხელაშვილი აღნიშნავენ, საქართველოს დემოკრატიული მდგრადობა სრულყოფილად გამოვლინდა სახელმწიფო ინსტიტუტების უნარით, 2020 წლის არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტურბულენტობის გამკლავებაში, COVID-19-ის პანდემიის მართვაში.

„და ასევე, ბოლო პერიოდში რუსეთის უკრაინაში შეჭრით რეგიონში გამოწვეული კატასტროფულ ძვრებში მართვით და, და ეს ყველაფერი, დემოკრატიული პრაქტიკების იოტისოდენა დათმობის გარეშე“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

თავიანთ სტატიაში ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირის გაწევრიანებაზე არაფრიდან მოსული არ არის. მათი თქმით, ეს არც ხელისუფლების ახირება იყო და არც უკრაინის მიმართ მზარდი ევროპული სიმპათიის ცინიკური ექსპლუატაცია.

მათი თქმით, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო და არჩევნებიც ძირითადად სწორედ ამ დაპირების გამო მოიგო, რადგან 80% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.

„უფრო მეტიც, საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას. რადგან ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო რუსეთის აგრესიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან და შემდეგ, 2008 წელს და, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ის ყოველთვის რჩებოდა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.

ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი შთამბეჭდავი რეფორმები; ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი, მიუხედავად ჩვენი ომით განადგურებული საზოგადოებისა; ჩვენი უპირატესობა ევროკავშირის წევრობის მსურველ ორივე მეგობართან [უკრაინასა და მოლდოვასთან] და ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებთან შედარებით, და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შესაძლებელს ხდის“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი მიიღებს დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის სულისკვეთებიდან გამომდინარე.


ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ, “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა”(CEPS) მაისში გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ეხება.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მაიკლ ემერსონმა და სტივენ ბლოკმენსმა, კრიტიკულად შეაფასეს “ქართული ოცნების” პირობებში გატარებულ პრაქტიკები პოლიტიკურ ცხოვრებასა და სასამართლოში და ამ ფონზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პერსპექტივები განიხილეს.

მათი აზრით, საქართველოს განაცხადი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, დააკმაყოფილოს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა, რომელსაც ევროპული მომავალი სურს.

„ამავდროულად, [საქართველოს] ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არ აქვს გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი და მოქმედებს ისე, რომ დააჩქაროს მისი ჩავარდნა. ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია, აღიაროს საქართველოს პერსპექტივა, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. მაგრამ მის დასკვნაში ნაადრევი იქნებოდა გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყების შეთავაზება.

ამისთვის უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელიც ხასიათდება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რომელსაც პატივს სცემს მოსახლეობა“, – ნათქვამია CEPS -ის მოსაზრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი