საზოგადოება

“საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე” — CEPS-ის მოსაზრება

21 მაისი, 2022 • 1669
“საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე” — CEPS-ის მოსაზრება

ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევითი ორგანიზაციამ, “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა”(CEPS) გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ეხება.

ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი კრიტიკულად აფასებენ “ქართული ოცნების” პირობებში გატარებულ პრაქტიკებს პოლიტიკურ ცხოვრებასა და სასამართლოში და ამ ფონზე, საქართველოს ზემოხსენებული განაცხადის პერსპექტივაზე მსჯელობენ.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ CEPS-ის მოსაზრების თარგმანს:

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველომ, უკრაინის შემდეგ და მოლდოვასთან ერთად, 3 მარტს წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია, რათა ამ უკანასკნელმა წარმოადგინოს თავისი „პოზიცია“ სამივე შემთხვევიდან თითოეულზე. მოსალოდნელია, რომ ეს ივნისის დასაწყისში მოხდება.

CEPS-მა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, მოამზადოს საკუთარი მოსაზრებები ამ განაცხადების შესახებ. უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ისინი უკვე გამოქვეყნებულია და [ნათქვამია], რომ ევროკავშირმა უნდა მისცეს „კანდიდატის“ სტატუსი ორივე ქვეყანას.

თუმცა, საქართველო პარადოქსია. ერთის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილები მან შთამბეჭდავად განახორციელა.

ამ მხრივ [საქართველომ] აჯობა არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს. მან დიდწილად აღმოფხვრა საერთო კორუფცია ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაზე უკეთესი შედეგით.

მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

პრობლემების შუაგულში დგას ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას განასახიერებს.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ბატონი ივანიშვილი პასუხისმგებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე აღმაშფოთებელ შემთხვევაზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საბანკო დავალიანების დაფარვის გზით.

2020 წლის ნოემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც მრავალი დავა ახლდა, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა.

ეს პოლიტიკური კრიზისი შემსუბუქდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც თბილისში 2021 წლის მაისში ჩავიდა, მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების შუამავლობა იკისრა. ევროკავშირი გაოგნებული და შეძრწუნებული იყო, როდესაც მთავრობამ უარი თქვა შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე 2021 წლის ივლისში.

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი იყო მისი ჩარევა მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წამყვანი ფიგურების შესახებ.

იყო „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ განმეორებითი შემთხვევები, რომლებიც ფართოდ გააკრიტიკეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ბოლო შემთხვევა 16 მაისს მოხდა, როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიკა გვარამიას, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორია.

[ეს] გადაწყვეტილება ევროკავშირში საქართველოს მიერ წევრობის განაცხადის წარდგენიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ და ევროკომისიის მიერ აღნიშნულ განაცხადზე პოზიციის დაფიქსირებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე გამოიტანეს.

მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე ისტორიულ განაცხადს მოჰყვებოდა სიგნალები, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური და სასამართლო პრაქტიკის რეფორმა უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ამის ნაცვლად, ერთადერთი შესამჩნევი ცნობა გვარამიას საქმეა, რომელიც პროვოკაციულ აქტადაც კი გევლინება, რაც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა სწრაფვაზე, გახდეს [ევროკავშირის] პრობლემური წევრი.

ამ ეტაპზე უფრო საზიანო ნაბიჯის გადადგმა ძნელად წარმოსადგენი იყო.

გარე დამკვირვებელი ცდილობს, გაიგოს, რა ჰქონდათ განზრახული მთავრობასა და ბატონ ივანიშვილი. მიზეზის ძიების დროს, წევრობის განაცხადი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, დააკმაყოფილოს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა, რომელსაც ევროპული მომავალი სურს.

ამავდროულად, [საქართველოს] ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არ აქვს გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი და მოქმედებს ისე, რომ დააჩქაროს მისი ჩავარდნა.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია, აღიაროს საქართველოს პერსპექტივა, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. მაგრამ, მის დასკვნაში ნაადრევი იქნებოდა გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყების შეთავაზება.

ამისთვის უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელიც ხასიათდება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რომელსაც პატივს სცემს მოსახლეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი